კარენ დონფრიდი

ბაიდენი დონფრიდს ევროპა-ევრაზიის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე წარადგენს

კარენ დონფრიდი
Alchetron

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სახელმწიფო დეპარტამენტის 7 ვაკანტურ მაღალი რანგის თანამდებობაზე კანდიდატებს წარადგენს

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე ბაიდენი კარენ დონფრიდის კანდიდატურას წარადგენს. 

დონფრიდი 2014 წლიდან აშშ-ში გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტია. ამ თანამდებობის დაკავებამდე, დონფრიდი იყო პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპის საკითხებში უფროსი დირექტორი. მანამდე ის ეროვნული სადაზვერვო საბჭოში ევროპის საკითხებზე ეროვნული დაზვერვის ოფიცერი იყო. 

ის გერმანიის მარშალის ფონდს 2001 წელს შეუერთდა, იქამდე კი 10 წელს კონგრესის კვლევით სამსახურში ევროპის სპეციალისტად მუშაობდა. 2003 წლიდან 2005 წლამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დონფრიდი პოლიტიკის დაგეგმვაში მუშაობდა. კარენ დონფრიდი ჰარვარდის უნივერსიტეტში ევროპის სწავლების ცენტრში უფროსი მკვლევარიც არის.

2019 წლის 2 აპრილს აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე დონფრიდმა სენატორ მით რომნის კითხვაზე NATO-ს მნიშვნელობასა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეზე პასუხის ნაწილად საქართველოც ახსენა:

"ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება ლიბერალური დემოკრატიის პრინციპს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, ადმიანის უფლებებს. და ეს ღირებულებები აუცილებელია იმისთვის, რისთვისაც NATO დგას. და ჩვენ არა მხოლოდ ასპირანტებისგან -  ქართველების, უკრაინელების, ბოსნიელებისგან ველით ამ ღირებულებების დაცვას, არამედ ასევე წევრი ქვეყნებისგანაც...".

კომენტარები