ეუთო-საქართველო

ეუთოს 12 ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს

ეუთოს 12-მა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა და უკრაინამ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთა.

ეუთოში ნორვეგიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული განცხადება პასუხად მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლას. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობას" - წერია განცხადებაში.

განცხადება შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს საქართველოს მიმართ, ასევე, კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს. 12 ქვეყანა რუსეთს ერთობლივად მოუწოდებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ და ისინი მნიშველოვნად მიიჩნევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად მიჰყვეს [ECHR-ს] გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შეწყვეტის ჩათვლით, რათა იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ შეეძლოთ დაბრუნება, ასევე დაიწყოს ECHR-ს მიერ ხაზგასმული მოვლენების ეფექტიანი და ადეკვატური გამოძიება. ჩვენ რუსეთის მოვალეობად მიგვაჩნია, გამოიძიოს [ადამიანის უფლებათა] კონვენციის ის დარღვევებიც, რომლებიც კონფლიქტის აქტიურ ფაზაში მოხდა". - წერია განცხადების დასასრულში.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

რა დაადგინა სასამართლომ?

  • სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 
  • დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
  • სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის იურისდიქცია. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი იურისდიქცია კონვენციის მიზნებისთვის და მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. 

ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ იურისდიქციის დადგენა დამოკიდებულია ეფექტურ კონტროლზე. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში, როდესაც მტრული შეიარაღებული ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან ასეთი კონტროლისთვის, ქაოსის კონტექსტში, არ შეიძლება ვისაუბროთ ეფექტურ კონტროლზე რომელიმე მხარის მიერ, მანამ, სანამ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება რომელიმე მხარის მიერ უპირატესობით მოპოვებით და, შესაბამისად, ეფექტური კონტროლის დამყარებით. 

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს მიდგომა შესაძლოა პრობლემური იყოს კონფლიქტის მსხვერპლთა პერსპექტივიდან, თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ ისინი მზად არ არიან, რომ შეცვალონ და განავითარონ საკუთარი იურისპრუდენცია ამ მიმართულებით. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი თანადროულად მოქმედებს, უფრო მეტად ასეთ დროს მოქმედია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და შედარებით ნაკლებად ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტები. 

სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით და, ასევე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არის შესაძლო მსხვერპლთა დიდი რაოდენობა, მხარეთა მიერ სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობა და, ასევე, მაგნიტუდა წარმოდგენილი მტკიცებულებისა იმდენად ართულებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომ სასამართლო ვერ კისრულობს პასუხისმგებლობას ამ პირობებში გადადგას შემდგომი ნაბიჯები და განავითაროს საკუთარი პრეცედენტული სამართალი საერთაშორისო შეაიარაღებული კონფლიქტის აქტიური ფაზის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებების სამართლის მიხედვით იურისდიქციის დადგენის სტანდარტებზე.

კომენტარები