დავით კოდუას საქმე

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახში ძალადობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა

დავით კოდუა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო ალტერნატივის სახით – გირაოს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

"მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – ამან თქვა, იმან თქვაო, ავდექი და ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო. ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, იმან თქვა, ამან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით. ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, ოთხი სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი". – ამბობს კოდუა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები