COVID-19-ის ვაქცინები

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თანახმად, ჩინური ვაქცინები COVID-19-ისაგან სათანადოდ ვერ იცავს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ
AP

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, გაო ფუს თანახმად, ჩინური ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და განიხილება სხვადასხვა სტრატეგიები ვაქცინების ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის ერთდროულად კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინების გამოყენება.

გაო ფუს თანახმად, საჭიროა ვაქცინების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

"ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას, რომ ამჟამინდელ ვაქცინებს არ აქვთ დაცვის მაღალი მაჩვენებელი". – თქვა გაომ ჩინური ვაქცინების და იმუნიზაციის სტრატეგიების კონფერენციაზე. 

"განვიხილავთ, რომ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მექანიზმების ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში". – აღნიშნა გაომ.

კონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა mRNA-ს ტიპის ვაქცინების უპირატესობებზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებითაა შექმნილი ამ დროისთვის ორი ყველაზე ეფექტიანი ვაქცინა, Pfizer-BioNtech-ის და მოდერნას ვაქცინები. 

როგორც The Associated Press-ი წერს, გაომ გამოცემას უთხრა, რომ ის საუბრობდა "მსოფლიოს ყველაზე ვაქცინის და არამხოლოდ ჩინურის" ეფექტიანობის დონეზე. გამოცემა წერს, რომ გაოს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რომ ვაქცინებს გულისხმობდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა AP-ს მიანიშნა ჩინეთის სამთავრობო მედიის, Global Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობაში. Global Times-ი წერს, რომ გაოს კომენტარი არასწორად იყო გაგებული.

პეკინმა მანამდე სცადა, ეჭვი შეეტანა mRNA-ს ტიპის ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობაში.

ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გაოს სიტყვებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ mRNA-ტიპის ვაქცინაზე მუშაობა ჩინეთმაც დაიწყო.

"mRNA-ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია შემუშავებული, გადავიდა კლინიკური კვლევის ეტაპზე". - თქვა ვანგ ხუაცინგი.

თავისი პრეზენტაცია ვაქცინებსა და იმუნიზაციის მექანიზმებზე გაო ფუმ mRNA ვაქცინის უპირატესობებზე საუბრით დაასრულა და კვლევაში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებლის მოტანა შეუძლია mRNA ვაქცინას კაცობრიობისთვის. ფრთხილად უნდა მივყვეთ ამ პროცესს, არ უნდა უგულებელვყოთ მარტო იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა". - თქვა გაომ.

ჩინეთში ამჟამად იმუნიზაციის პროცესში 5 ვაქცინას იყენებენ, სამი გაუვნებელყოფილი პატოგენის მექანიზმით შემუშავებული ვაქცინა Sinovac-სა და Sinopharm-ისაგან, ერთდოზიანი ვაქცინა CanSino-სგან და გაო ფუს გუნდისა და Anhui Zhifei Longcom-ის თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინა, რომელმაც გადაუდებელი ავტორიზაცია ერთი თვის წინ მიიღო.

როგორც თავად მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, ამ ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი 50%-79% პროცენტია.

მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ 50%-ით ეფექტიანი ვაქცინა სასარგებლო იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებს იყენებს მექსიკა, თურქეთი, ინდონეზია, უნგრეთი და ბრაზილია.

თუმცა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს არ გაუსაჯაროებიათ საბოლოო კლინიკური კვლევის სამეცნიერო საზოგადოების მიერ გადამოწმებული შედეგები, რამაც გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო კრიტიკა გამოიწვია.

Sinovac-ის ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სხვადასხვა კვლევებში მას სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს რომელიც 50%-დან 80%-მდე მერყეობს. Sinovac-ის წარმომადგენელმა, აღიარა, რომ გამოვლინდა ვაქცინას სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელი, რაც შესაძლოა კვლევებში მონაწილეთა სხვადასხვა ასაკით, ვირუსის სხვადასხვა შტამებით ან სხვა ფაქტორებით აიხსნას. 

ბრაზილიაში ჩატარებულ კვლევებში Sinovac-ის ვაქცინამ 50.4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ჯანმოს აკრედიტაციისთვის მინიმუმ 50%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელია საჭიროა. თურქეთსა და ინდონეზიაში კი გვიანი ეტაპის კვლევების შუალედური შედეგების თანახმად ეფექტიანობის მაჩვენებელი 65%-91% მერყეობს.

კომენტარები