იუსტიციის უმაღლესი საბჭო

"პოლიტიკურ ზეწოლასთან ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული არაა" – აშშ-ში წასული მოსამართლე

მოსამართლე მაია სვიანაძე განმარტავს, რომ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა და მოსამართლის საქმიანობის შეჩერება დაკავშირებული არ არის კონკრეტულ საქმესთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან. 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა.

რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის". – წერს სვიანაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოქმედმა მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და იქ დარჩა. ჯანეზაშვილი წერს, რომ სვიანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აშშ-დან გამოუგზავნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საბჭოსთვის წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა, ჯანეზაშვილი წერს, რომ თითქოს "წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", ტყუილია და ამ შემთხვევაში საბჭომ უნდა დაასახელოს სხდომის თარიღი, რომელზეც ეს საკითხი იყო განხილული.

კომენტარები