AstraZeneca

ბრიტანეთის ვაქცინის საბჭო: სასურველია, 30 წლამდე პირებს AstraZeneca-ს ალტერნატივა შესთავაზონ

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის მრჩეველთა ორგანოში თქვეს, რომ 30 წლამდე პირებს AstraZeneca-ს ალტერნატივას შესთავაზებენ.

"არსებული მონაცემებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ვაქცინაციასა და იმუნიზაციაზე ბრიტანეთის ერთობლივი საბჭოს (JCVI) რჩევით, სასურველია, 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივა შესთავაზონ, თუ ეს შესაძლებელია". – განაცხადა JCVI-ს კორონავირუსის საკითხის ხელმძღვანელმა, ვეინ შენ ლიმმა.

ამის მიზეზად თავის ტვინში თრომბის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი დაასახელეს.

ბრიტანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ მარტის ბოლომდე ბრიტანეთში თრომბის 79 შემთხვევა ნახა. 19 გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში 20.2 მილიონი ვაქცინის დოზა იყო გაკეთებული. მარეგულირებელ ორგანოში თქვეს, რომ ეს არ იყო იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გამოიწვია თრომბი. თუმცა, აღნიშნეს, რომ კავშირი უფრო მყარი ხდებოდა. 

ორგანოში განაცხადეს, რომ გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათი იყო და ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურებული იყო. ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინის მიღების სარგებელი უმრავლესობისთვის კვლავ ძალიან დიდია. 

იმ პირებმა, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზა მაინც უნდა გაიკეთონ. ბრიტანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოში განაცხადეს, რომ მხოლოდ მათ, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ თრომბი განუვითარდა, მეორე დოზა აღარ უნდა მიიღონ. 

ადამიანებს, რომლებსაც ჰემოლოზური დაავადებები აქვთ, ექიმთან უნდა განიხილონ ვაქცინაციის სარგებელი და რისკები. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დასტურდება უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. 

ევროპის მარეგულირებლის დასკვნით, სისხლში დაბალი თრომბოციტებისა და თრომბის განვითარების შანსები ძალიან დაბალია და AstraZeneca-ს ვაქცინიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან თრომბის შემთხვევა მხოლოდ 86-ს განუვითარდა, ანუ მილიონში 3.5 ადამიანს.   შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კი 60 წლამდელ ქალებზე მოდის.

კომენტარები