სამთავრობო ტროლები

წულუკიანი: კაპანაძეებმა ჯარი მაშინ ჩააგდეს საფრთხეში, როცა 2008-ში პროვოკაცია არ და ვერ აიცილეს

თეა წულუკიანი

"კოლექტიურმა სერგი კაპანაძეებმა, ნაციონალური მოძრაობის სახით, საამაყო ჯარი მაშინ ჩააგდეს საფრთხეში, როდესაც რუსეთისგან მიმდინარე პროვოკაცია 2008 წლის აგვისტოში არ და ვერ აიცილეს". – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერის, სერგი კაპანაძის Facebook პოსტს, სადაც კაპანაძემ მისივე დაწერილი პოსტის კომენტარებში 300-ზე მეტი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირი ამხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებსა, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ. მე მახსენდება ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მოსმენები, სადაც სერგი კაპანაძე, ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო, ჩემი ხელმძღვანელობით, ქართულ ჯარს არ იცავდა სათანადოდ.

სინამდვილეში, მათ არამც თუ მიატოვეს დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები მაშინ აგვისტოში, ბრძოლის ველზე, მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ დავის დაცვა შეგვძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ. ისკანდერიც კი გაიტანეს ქვეყნიდან აგვისტოში 2008 წლისა, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა ბევრი წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე დააჯდნენ პირდაპირ უსირცხვილოდ და ყოველგვარი შეფარვის გარეშე რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასოდეს ჩაუდენია“. – ამბობს წულუკიანი


6 აპრილს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ Facebook-ზე სტატუსი დაწერა, სადაც კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ათქმევინოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაწყებულია, ამისთვის კი, სახელისუფლებო ტელევიზიიდან, POSTV-დან პოლიტიკოსებს სხვა გამოცემის სახელით უკავშირდებიან და  სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან ამოჭრილ ციტატებზე, ავტორების შეცვლით, აზრს ეკითხებიან. 

კაპანაძემ შემდეგ ვრცელი პოსტი მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუცია 1633-ს, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები წინა ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის ხშირად იყენებენ.

აგვისტოს ომის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სწორედ ისაა, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ომი საქართველომ დაიწყო. ამ მითის შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

კაპანაძის თქმით, მან შეამოწმა, ვინ იყო მის პოსტზე დაწერილი 300-ზე მეტი ნეგატიური კომენტარის ავტორი. მისი ინფორმაციით, მათ შორის ქართული ოცნების კოორდინატორები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ.

კომენტარები