მეწყერი

კალაძე მეწყერზე: ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია, დათესოს პანიკა და ა.შ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ დაუჯეროთ არავის, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

[...] შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გეგმა არსებობს. თუ რაღაც საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა. 

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებელო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია Caucasus Road Project გვაწვდის, ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ასეთი ტიპის ზონებში მუშაობის, ეს არის კომპანია, რომელმაც წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, სადაც ჩართული იყო უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც დღეს გვეხმარება და მაქსიმალურად გვერდში გვიდგას. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს...

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები