პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

სიმპტომების ძიება, მიკრობების შიში და პერფექციონიზმი – რა არის OCD

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

სიმპტომების ძიება, მიკრობების შიში და პერფექციონიზმი – რა არის OCD

ხშირად ამოწმებთ სიმპტომებს სამედიცინო ენციკლოპედიებში იმ მიზნით, რომ მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინოთ? იქნებ ასიმეტრიას ვერ იტანთ? შესაძლოა, მიკრობებისა და დაავადებული ზედაპირების შიში გქონდეთ. ამ მომაბეზრებელ შიშებს კონკრეტული ფსიქიკური აშლილობა აერთიანებს, რომელსაც OCD, ანუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ეწოდება და რომლის შესახებაც სტატიაში ვისაუბრებთ.

ფსიქიკური პრობლემები თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა. 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს ერთი ან მეტი მენტალური დაავადება აწუხებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობა და დეპრესიაა. 

დიდი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ რეალური გავრცელების დონე კიდევ უფრო მაღალია – ფისიქიკური პრობლემების ირგვლივ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო, ადამიანები ხშირად დახმარების თხოვნას ან საერთოდაც ღიად საუბარს ერიდებიან. 

მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. კორონავირუსის პანდემიამ არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფსიქოსოციალური კრიზისიც დაგვატეხა თავს. მაგალითად, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ეპიდემიის ფონზე გამწვავებული ფსიქიკური პრობლემით იტანჯება.

ფსიქიკური დაავადება, რომელსაც სტატიაში განვიხილავთ, ვირუსული ინფექციებისა და ეპიდემიების ფონზე განსაკუთრებით მწვავდება და ადამიანების სტრესის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, იგივე OCD (Obsessive-Compulsive Disorder), ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მოსახლეობის 2%-ში გვხვდება. OCD-ს ძირითადი მახასიათებელი ობსესიებისა და კომპულსიების მანკიერი წრეა, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუარესებს და ხშირად, ყოველდღიური ამოცანების შესრულებასაც კი შეუძლებელს ხდის. მარტივად რომ ვთქვათ, ობსესიები დაუპატიჟებელი, შფოთვისმომგვრელი, ზოგჯერ ამაზრზენი ფიქრები ან გამოსახულებებია, რომლებიც ინტენსიურ სტრესს იწვევს. კომპულსიები კი იმ ქმედებებს ეწოდება, რომელსაც ობსესიებთან გასამკლავებლად მივმართავთ.

რას შეგვიძლია ვუწოდოთ ობსესია?

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, ობსესია განმეორებად, უწყვეტად მიმდინარე ფიქრებსა და იმპულსებს გულისხმობს, რომელთა თავიდან მოშორებას ან წინააღმდეგობის გაწევასაც ინდივიდი ცდილობს. მნიშვნელოვანია, რომ ობსესიები არ ანიჭებს სიამოვნებას და არ განიცდება როგორც ნებელობითი აქტი. ისინი იჭრებიან ინდივიდის ცნობიერებაში, არიან არასასურველნი და მნიშვნელოვან დისტრესს ან შფოთვას იწვევენ პაციენტთა უმრავლესობაში.

OCD-ის სიმპტომები არ უნდა აგვერიოს პოპკულტურაში გავრცელებულ ტერმინში, რომელიც აჩემებას პოზიტიურ კონტექსტში მოიაზრებს. მაგალითად, თუ ფილმით, სიმღერით ან წიგნით ხართ შეპყრობილი, არ ნიშნავს, რომ მკურნალობა გჭირდებათ და უმეტესად იმას გულისხმობს, რომ მისი ყურება ან მოსმენა დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

საპირისპიროდ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანს მსგავსი ფიქრები ტანჯავს და მათი მოშორების ან მოგვარებისკენ უბიძგებს. სიმპტომები არც დროებითია – შესაძლოა, გამოვლინება კონკრეტულ პერიოდებში შემსუბუქდეს, მაგრამ დაავადება სრულად არ ქრება. 

თითქმის ყოველთვის, პაციენტები კარგად იაზრებენ, რომ ობსესიები უაზროა, უსაფუძვლოა და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ. მაგალითად, გავრცელებული ობსესიაა მრავალჯერ გადამოწმებულის კიდევ ერთხელ გადამოწმება – როდესაც იცი, რომ კარი ნამდვილად დაკეტე, გადაამოწმე კიდეც, მაგრამ ფიქრი, რომ “იქნებ ღია დაგრჩა” მოსვენებას არ გაძლევს. ამგვარ ფიქრებს ხშირად ახლავს შიში, ზიზღი ან ეჭვი – “თუ უთო ჩართული დამრჩა, ხანძარს გავაჩენ!”. ბუნებრივია, ობსესიები ადამიანს საყვარელი აქტივობების განხორციელებაში უშლის ხელს და დროის უდიდეს ნაწილს ართმევს, რაც მის განწყობაზე, ენერგიასა და მოტივაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს. სწორედ ამ კრიტერიუმით დგინდება განსხვავება უბრალო აკვიატებასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის.

შედარებით ფართოდ გავრცელებული ობსესიებია:

  • ვირუსებით, ბაქტერიებითა და მიკროორგანიზმებით დაავადების, დაბინძურებული გარემოს შიში – მაგალითად, პაციენტს მიაჩნია, რომ თუ კარის სახელურს შეეხება, მის ხელს საშიში ბაქტერიები აჰყვება, რაც მასში ზიზღისა და შიშის განცდას აღვიძებს.
  • იპოქონდრიული ობსესიები, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მომაკვდინებელი დაავადება სჭირს – მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ სიმსივნე აქვს და ხედავს საკუთარი სიკვდილის გამოსახულებებს.
  • სექსუალური ტიპის, ტაბუირებული აზრები – მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს უნებლიედ ეფიქრებოდეს საკუთარ ოჯახის წევრთან სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, ისე, რომ თავად ეს აზრი მასში ზიზღსა და ბრაზს იწვევდეს.
  • სუიციდური ობსესია, რაც საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებასა და თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ დაუპატიჟებელ აზრებს ან გამოსახულებებს მოიცავს – მაგალითად, დაავადებულმა შეიძლება აიკვიატოს თვითმკვლელობის იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი თავადაც აშინებდეს და არც სურვილი ჰქონდეს.
  • პერფექციონისტული ობსესიები, რა დროსაც ადამიანი ნივთების სიმეტრიულ განლაგებას, რიცხვების ლუწკენტობასა და სხვა ამგვარ დეტალებს ზედმეტ ყურადღებას აქცევს – მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები უარს ამბობენ კონკრეტული ნომრის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლაზე.
  • ეჭვები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე – ეს ფიქრები, ძირითადად, “გეი ხომ არ ვარ?” ეჭვებით ვლინდება, რაც ბევრ ადამიანში მნიშვნელოვან სტრესს იწვევს.

რა არის კომპულსია?

DSM-V-ის მიხედვით, კომპულსია განმეორებადი ქცევებისა და ქმედებების ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ზემოხსენებულ ობსესიებთან გასამკლავებლად ან მათი მოთხოვნის შესაბამისად მიმართავს.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევები მხოლოდ დროებითი შვების მომტანია და მათი მუდმივად გამეორებაა საჭირო, პაციენტისთვის ეს შფოთვასთან და ეჭვთან გამკლავების ერთადერთი გზაა. მაგალითად, თუ ადამიანი შეპყრობილია აზრით, რომ სიმსივნე აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, კომპულსიად შეგვიძლია ინტერნეტში სიმპტომების ძიება და თვითდიაგნოზირების მცდელობა ჩავთვალოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვები ერთ საღამოს გაქრება – მომდევნო დილით ფიქრები და მათ მიერ გამოწვეული შფოთვა კვლავ დაბრუნდება და ისევ გვიბიძგებს სამედიცინო ენციკლოპედიებისკენ. და ასე, დაუსრულებლად.

კომპულსიები მთავარი მიზეზია იმისა, რატომაც იკავებს OCD-სთან ბრძოლა პაციენტის დროის უდიდეს ნაწილს, იქნება ეს საკუთარი თავის დარწმუნება, ხელების ხშირად დაბანა, სექსუალური ორიენტაციის გადამოწმება თუ სხვა. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ პაციენტს ამ ქმედებების განხორციელება არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ მისთვის ეს შფოთვისა და ეჭვების მოხსნის ერთადერთი გზაა. 

შედარებით ფართოდ გავრცელებული კომპულსიებია:

  • ხელების ხშირად დაბანა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, კარის სახელურების შეხებისგან თავის არიდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე უარის თქმა ვირუსებითა თუ ბაქტერიებით დაავადების შიშით. 
  • სამედიცინო საიტებსა და ენციკლოპედიებში ქექვა და საავადმყოფოებში ხშირი ვიზიტი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების აღმოჩენის ან ექიმებისგან საპირისპიროს რწმუნების მიღების მიზნით.
  • დისტანცირება იმ ადამიანებისგან, რომლების მიმართაც პაციენტს არასასურველი, მიუღებელი სექსუალური აზრები ან გამოსახულებები აწუხებს.
  • ბასრი ნივთების, სიმაღლეების ან სხვა, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციებისთვის თავის არიდება, რათა არ მოხდეს სუიციდური აზრების პროვოცირება. 
  • ნივთების სიმეტრიულად დალაგება, კენტი ან ლუწი რიცხვების შიში, იმ აზრით, რომ ისინი უბედურებას მოიტანს, მუდმივი ლაგება და გადანაცვლება. 
  • სექსუალური ორიენტაციის კვლევა, ფიქრები საკუთარ ორიენტაციაზე და რწმუნება.

რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ OCD ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც ერთ ადამიანს სხვაზე მეტად მოწყვლადს ხდის. მაგალითად, დაავადების ნიშნები, როგორც წესი, ადრეული ასაკიდან ვლინდება და 19 წლის ასაკისთვის დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, 35 წელს ზევით კი პირველად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირდება. 

დაავადების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, მაგრამ:

გენეტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია

შეერთებული შტატების მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიხედვით, იმ ადამიანებისთვის, რომელთა პირველი რიგის ნათესავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, დაავადების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა პაციენტის მშობელს ან და-ძმას სიმპტომები ადრეულ ასაკში გამოუვლინდა. 

იცვლება ტვინის სტრუქტურა და ფუნქციონალიც

კვლევებით, OCD-ის მქონე პაციენტების ფრონტალურ კორტექსსა და ქვეკორტიკულ სტრუქტურებში არსებული ცვლილებებიც ვლინდება. ეს საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ დაავადებასა და ტვინის გარკვეულ უბნებში სტრუქტურულ ცვლილებებს შორის კავშირი არსებობს, მაგრამ დეტალები უცნობია. 

გარემო ფაქტორები დიდ როლს თამაშობს

არსებობს შემთხვევები, როცა ობსესიურ-კომპულსიური დაავადების განვითარებას წინ ბავშვების ტრავმები უძღოდა, თუმცა, ჯერჯერობით, მიზეზშედეგობრიობაზე საუბარი ნაადრევია. ზოგჯერ, ბავშვებსა და მოზარდებში OCD-ის სიმპტომები სტრეპტოკოკული ინფექციების შემდეგ ვითარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოსაც, რომელშიც ადამიანი იზრდება. 

OCD-ის მართვის გზები

როგორც წესი, დაავადების მართვისას მედიკამენტები, ფსიქოთერაპია ან მათი კომბინაცია გამოიყენება და უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების საშუალება ეძლევა. ხშირია შემთხვევებიც, როცა ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან ერთად, არსებობს დეპრესიის, შფოთვის სიმპტომებიც, რაც მკურნალობის მეთოდის შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

მედიკამენტური მკურნალობა

OCD-ის სამკურნალოდ, პირველ ვარიანტად, ანტიდეპრესანტების ჯგუფის მედიკამენტები, კერძოდ, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები განიხილება, რომლებიც როგორც მსოფლიოს, ისევე ქართული საზოგადოებისთვის, კარგად არის ცნობილი. ანტიდეპრესანტული მკურნალობა ყოველთვის ფსიქიატრის კონსულტაციის საფუძველზე იწყება და კონკრეტული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, პრეპარატები ფართოდ გავრცელებული, უსაფრთხო, გამოცდილი და ხელმისაწვდომია, თუმცა შედეგების მიღებას დრო სჭირდება – მდგომარეობის გაუმჯობესება, საშუალოდ, მედიკამენტების მიღებიდან 2-4 კვირაში იწყება და მაქსიმალურ ეფექტს 6-8 კვირაში გვაძლევს. ანტიდეპრესანტები, ჩვეულებრივ, 3 თვიდან 12 თვემდე ან უფრო ხანგრძლივი ვადითაც ინიშნება, თუმცა ინსტრუქციას მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი გასცემს. 

ფსიქოთერაპია

მედიკამენტების მსგავსად, OCD-ის მართვაში ფსიქოთერაპიაც წარმატებულია. კვლევების მიხედვით, თერაპიის ისეთი ტიპები, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ან ფსიქოანალიზი, ზოგიერთ ადამიანში, პრეპარატებზე არანაკლებ ეფექტიანია. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება CBT-ის ერთ-ერთი ქვეტიპი, რომელიც ადამიანსშფოთვისა და ეჭვების გამომწვევ აზრებთან ისე გამკლავებას ასწავლის, რომ კომპულსიური ქცევის საჭიროება არ დადგეს. თუმცა, სხვა ფსიქიკური აშლილობების მსგავსად, მკურნალობის მეთოდი და მიმდინარეობა ინდივიდუალური და პაციენტის ინტერესებზე მორგებულია. 

დასკვნა

საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობის დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, სხვა ფსიქიკური დაავადებების მსგავსად, იგნორირების შემთხვევაში უფრო მწვავდება და რთულად სამართავი ხდება. თუ სტატიაში განხილული სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, აჯობებს, თუ ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან ვიზიტს დაგეგმავთ. დასაწყისისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს მიმართავს პაციენტი, პროფესიონალი მას კონსულტაციის შემდეგ შესაბამის ადგილას გადაამისამართებს.

 

კომენტარები