ნობელის პრემიის ლაურეატი

ევროს ფუძემდებელი, ნობელის ლაურეატი ეკონომისტი, რობერტ მანდელი გარდაიცვალა

რობერტ მანდელი
ფოტო: The Wall Street Journal

ნობელი პრემიის ლაურეატი ეკონომისტი, რობერტ მანდელი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ეკონომისტთა ნაწილი მას ევროს ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად და მთავარ არქიტექტორად მიიჩნევს. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ნობელის პრემია ეკონომიკაში 1999 წელს მიიღო. მისი თეორიის თანახმად, ერთიანი სავალუტო ზონის წარმატებისთვის აუცილებელია მოქნილი საბაზრო სისტემა, სადაც შესაძლებელია კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება. 

მანდელის აზრით, ევროკავშირისთვის ერთიანი საბაზრო სისტემის შემდეგ, ყველაზე დიდი მნიშვნელობის გამაერთიანებელი ფაქტორის ევრო იყო, რომელიც გააღრმავებდა ევროინტეგრაციის პროცესს და უფრო მეტად დააახლოებდა წევრს სახელმწიფოებს.
 

ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია. 

"რთულია ერთ ადამიანს დაუკავშიროთ ისეთი კომპლექსური პროექტის შექმნა, როგორიც ევროა. თუმცა, ინტელექტუალური შთაგონების კუთხით, მანდელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა". – თქვა ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, ლორენცო სმაგიმ. 

მანდელი თავისუფალი ბაზრის, ღია სავაჭრო სისტემის, მთავრობის მცირე ზომის, დაბალი სავაჭრო ბარიერებისა და შემცირებული გადასახადების მხარდამჭერი იყო. 

მისი ხედვისა და იდეოლოგიის ხორცშესხმა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის პერიოდში განხორციელდა. შემცირებული გადასახადების, რეგულაციისა და ინფლაციის კონტროლის წყალობით, 1984 წელს აშშ-ის ეკონომიკა რეკორდული 7.3%-ით გაიზარდა. 

მანდელი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ მწვავე კრიტიკითაც გამოირჩეოდა. 
მას არაერთხელ უთქვამს, რომ გადასახადების გაზრდისა და ბარიერების დაწესების პოლიტიკით ობამა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ანტიბიზნეს პრეზიდენტი იყო. 

2011 წელს რობერტ მანდელი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შესახებ ლექცია ჩაატარა.

კომენტარები