სიტყვის თავისუფლება რუსეთში

რუსეთი Twitter-ს აღარ დაბლოკავს, რადგან მან "აკრძალული ინფორმაციის" წაშლა დაიწყო

რუსეთი სოციალურ პლატფორმა Twitter-ს აღარ დაბლოკავს, რადგან, მარეგულირებლის თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნები და "აკრძალული ინფორმაციის" წაშლის პროცესი დაიწყო.

საქმე Twitter-ზე 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსს ეხება, რითაც რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გაეპროტესტებინათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და დაკავება. 

რუსეთის მედიის მონიტორინგის სახელმწიფო სამსახური, როსკომნადზორი, ამ პოსტებს "აკრძალულ ინფორმაციად" მიიჩნევს. 

როსკომნადზორის განმარტებით, Twitter-ის საშუალებით რუსეთის მოსახლეობას "არალეგალურ აქტივობებში" და "არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში" ჩართვისაკენ მოუწოდებდნენ. 

16 მარტს რუსეთის მარეგულირებელი Twitter-ს დაემუქრა, რომ თუ არ წაიშლებოდა ეს ინფორმაცია პლატფორმიდან, მაშინ Twitter-ი რუსეთის რეგიონში დაიბლოკებოდა. 

ამავე მიზეზის გამო, 10 მარტის შემდეგ რუსეთმა Twitter-ის სიჩქარე შეანელა. 

2 აპრილს კი რუსეთის სასამართლომ Twitter-ი 117 000 დოლარით დააჯარიმა
 


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთმა სცადა, დაებლოკა პოპულარული პლატფორმა და აპლიკაცია Telegram-ი. Telegram-მა უარი თქვა უშიშროების სამსახურებისთვის შიფრირების გასაღებები გაეზიარებინა. შიფრირების გასაღებების ფლობით უშიშროების სამსახურები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებდნენ Telegarm-ის აპლიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას. მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი Telegram-ის დაბლოკვის ორწლიანი მცდელობების შემდეგ ამ კვირაში პლატფორმაზე დარეგისტრირდა.

2019 წელს რუსეთში გატარდა კანონი, რომელმაც გაამკაცრა სახელმწიფოს კონტროლი ინტერნეტტრაფიკზე. ამის მიზეზად მოსკოვმა აშშ-ს აგრესიული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაასახელა. სიტყვის თავისუფლების მომხრე აქტივისტებმა კანონი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სურვილისამებრ შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე.

 

კომენტარები