საპატრიარქო

დეკანოზი ანდრია: მამა ანდრია სარიას განემარტა, რომ მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთომის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამა ანდრია სარიას მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე განემარტა, რომ "მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას". ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ კომისია დასკვნას მიიღებს, რომელიც პატრიარქს რეაგირებისთვის გადაეცემა.

"მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერდა, დღეს შედგა კომისია. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისათვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. 

მამა ანდრია სარიამ მშვიდად მოისმინა, კარგად გააანალიზა, რასაც კომისიის წევრები მას განუმარტავდნენ და, ვნახოთ, როგორი იქნება პატრიარქის გადაწყვეტილება, როგორი იქნება მამა ანდრია სარიას რეაქცია".  -ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 2020 წლის 22 იანვარს აეკრძალა. საპატრიარქომ მიზეზად მასმედიის საშუალებით გაკეთებული "შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებები" დაასახელა. 

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა. იგი მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და საპატრიარქოს წარმომადგენლებს აკრიტიკებდა

კომენტარები