პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი მოლაპარაკებებზე: აღარ დავკარგავთ დროს ოპოზიციის ახირების განხილვაზე

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს "არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე" და შეთანხმების დოკუმენტისთვის მოეწერათ ხელი. 

"რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება და მსოფლიო აღიარებს არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცაღა გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე... ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ჩვენ გვქონდა კომპრომისული პოზიციები. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა და მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის ზომიერი წარმომადგენლები." - ამბობს ღარიბაშვილი. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები