კორნავირუსი იტალიაში

იტალიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

იტალიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. იტალიაში ანტივაქსერული მოძრაობა საკმაოდ ძლიერია. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აცრაზე უარი თქვეს, სხვადასხვა საავადმყოფოებში ინფიცირების კლასტერები გამოვლინდა, რამაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

პრემიერმინისტრ მარიო დრაგის განკარგულებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ფარმაცევტებისთვის აცრა სავალდებულო გახდა. ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე  მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეეზღუდოთ და შრომა არ აუნაზღაურდეთ.

პრემიერმინისტრის განკარგულებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მსურველებს ცრიან, სამართლებრივად დაიცავს. დაცვა მედიკოსებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სიცილიაში აცრილი ადამიანი გარდაიცვალა და ექიმების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუხლით გამოძიება დაიწყო.  

იტალიის ვაქცინაციის პროგრამა ვაქცინის მიწოდებაში შეფერხებების გამო შეყოვნდა. დეკემბრის შემდეგ ქვეყანაში მოხდა ვაქცინის 10 მილიონი დოზის ადმინისტრირება. ქვეყნის მოსახლეობის 60 მილიონიდან ამ ეტაპზე ვაქცინის ორივე დოზა 3.1 მილიონს აქვს გაკეთებული.

ბოლო ერთ თვეში იტალიაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა.

ქვეყნის 20 რეგიონში შეზღუდვების ოთხდონიანი სისტემა მოქმედებს, თეთრი, ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი. შეზღუდვების დონე თითოეულ რეგიონში ინფიცირების დონის მიხედვით განისაზღვრება. 

30 აპრილამდე ყველა რეგიონი შეზღუდვების მკაცრ, სტაფილოსფერ და წითელ, დონეზე დარჩება. რაც ნიშნავს, რომ რესტორნები, ბარები, სპორტდარბაზები დაკეტილი იქნება და რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალული იქნება.

კომენტარები