მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო პლატფორმა PayPal-ი კრიპტოვალუტას ანგარიშსწორების ახალ საშუალებად ამატებს.
PayPal-ის მომხმარებლებს პირდაპირ შეეძლებათ ბიტკოინით[BTC], ეთერიუმით[ETH], ლაითკოინითა[LTC] და ბიტკოინ ქეშით[BCH] ტრანზაქცია, პროდუქტების შეძენა, თანხის გადარიცხვა, შენახვა და სხვა ვალუტებში ავტომატურად კონვერტაცია.
PayPal-ის სისტემა მომენტალურად, ყოველგვარი საკომისიოსა და დაყოვნების გარეშე გადაიყვანს კრიპტოვალუტას იმ ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მომხმარებელს სურს.
ექსპერტების თქმით, ეს ფუნქცია მნიშვნელოვნად გაამარტივებს ციფრული ვალუტის გამოყენებისა და შეძენის პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ეს ფუნქცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სამომავლოდ მისი დაფარვის ზონის გაზრდა იგეგმება.
PayPal-ს თითქმის 380 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
PayPal-ის მთავარი კონკურენტი კომპანია Square დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის მარაგებს ფლობს, თებერვალში მან დამატებით 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.
კრიპტოვალუტის ანგარიშსწორების ალტერნატიულ საშუალებად გამოყენების ფუნქციას მომხმარებლებს Square-იც სთავაზობს.