კარტოგრაფების საქმე

მელაშვილი-ილიჩოვას დაკავების პერიოდი და გარემოება - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია თვითნებური დაკავების ფაქტებზეც, მათ შორის 2020 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის მხრიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი მელაშვილისა და  წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე. ანგარიშის მიხედვით, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა ისედაც დესტაბილიზებულ რეგიონში.

"ეს შემთხვევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში მოხდა და კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა ისედაც დესტაბილიზებულ  სასაზღვრო რეგიონში". – წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.

"საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია კარტოგრაფების საქმეს აფასებს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და ხაზს უსვამს გამოძიების დაწყების დროს წინასასამართლო პერიოდში. ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს მმართველი პარტიის წევრების  პარტიზანული განცხადებები, სადაც ამ საქმეს უკავშირებენ არჩევნებს".  – ვკითხულობთ ანგარიშში.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე , ივერი მელაშვილი და და წევრი, ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები