პოლიტიკური კრიზისი

ბრიტანეთის საელჩო შეთანხმების ჩაშლაზე: ვწუხვართ, ეს გააჭიანურებს ევროინტეგრაციის პროცესს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს გააჭიანურებს. 

ამის შესახებ საელჩო Facebook-ზე წერს. 

"ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ, სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე". - წერს ბრიტანეთის საელჩო. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი გუშინ, 30 მარტს, 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

კომენტარები