პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: მძევლების დატოვებასა და არჩევნებზე ჩანაწერის არარსებობას ვერ დავეთანხმებოდი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებებზე განხილული ხუთ საკითხიდან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ორ საკითხზე ვერ მოხდა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ ნახეს "ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია ქართული ოცნების მხრიდან".

"ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე რაც არის, სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე მზად ვარ, დღესვე ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომლებიც მანდატით იყო განსაზღვრული რომელიც ჩვენ, ისევე როგორც ქართულმა ოცნებამ, გადავეცით მედიაციის მხარეს, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება". – თქვა მან.

ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან მძევლების დატოვებასა და დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე ჩანაწერის არარსებობას ვერ დაეთანხმებოდა.

"ქართულმა ოცნებამ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ამის გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ასე ვთქვათ, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ამით ეგონათ, რომ ვინმე ოპოზიციიდან დათანხმდებოდა. მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მძევლების დატოვებას ვერ დავეთანხმებოდი, მე ეს საჯაროდ მაქვს გაცხადებული და ამ მედიაციიდან სწორედ ამას ველოდები, რომ პოლიტიკური მძევლები აღარ იქნება ქვეყანაში და ასევე ვერ დავეთანხმებოდი ჩანაწერის არარსებობას არჩევნებთან დაკავშირებით". – თქვა მან.

კომენტარები