პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ამ ცვლილებებს ოცნება რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც განახორციელებს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმასა და ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და გატარებას "რადიკალურ ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმების გარეშე" განახორციელებს.

ამის შესახებ კობახიძემ მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა "არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე".

ქართული ოცნების ლიდერმა ამის შემდეგ შეხვედრაზე განხილულ და დოკუმენტში წარმოდგენილ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე ისაუბრა.

"ბატონი დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ მიშელის განსაზღვრულ ყველა საკითხზე. პირველი ეს არის საარჩევნო რეფორმა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ქართული ოცნება პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ამაში შედიოდა - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, საკრებულოში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისობრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერების შემცირება, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის 8 წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა, საარჩევნო უბნების გარშემო 100-მეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ.

როგორც ხედავთ, ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორცილებას. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებებს ქართული ოცნება უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს.

შემდეგი ეს არის სასამართლო რეფორმა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. ბატონი დანიელსონის დოკუმენტი ასახავდა ქართული ოცნების შემდეგ შეთავაზებებს ამ მიმართულებით -  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე ქართული ოცნება იღებდა პასუხისმგებლობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს კანონი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და ჩვენ მას მივიღებთ საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც. ქართული ოცნება ასევე იღებდა პასუხისმგებლობას პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე, ამაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით.

ბოლოს, ქართული ოცნების შეთავაზების თანახმად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო სასამართლო რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლა და დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა და გატარება. ამასაც ჩვენ გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით, არ გვჭირდება არავითარი ხელმოწერა და შეთანხმება ოპოზიციასთან". – თქვა მან.

კომენტარები