პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია რიშზე/შაჰინზე: იძულებული ხდებიან, განიხილონ საკითხი დახმარების პირობების დაყენებაზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სენატორ ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ინტერვიუს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების საკითხებს ლობირებდეს, სტრატეგიული პარტნიორები იძულებულები ხდებიან, ქვეყნისთვის დახმარებაზე პირობების დაყენების შესახებ ისაუბრონ. 

"როდესაც ისეთი დიდი ხნის მეგობრები და სტრატეგიული ხედვის მქონე ადამიანები, მორალურად და პრაგმატულად, საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერები, სენატორი რიში და სენატორი შაჰინი, ასეთ მკაფიო გზავნილებს აკეთებენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც ლობირებს თავისუფალ ვაჭრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც ჩვენს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სერიოზულად დაეხმარებოდა, NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯს, ან ორმხრივი უსაფრთხოების საკითხს, ან იმას, რაც ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მეგობრები იძულებულები ხდებიან განიხილონ საკითხი საქართველოსთვის დახმარებაზე პირობების დაყენებაზე, ეს არის კატასტროფული შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის.

რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, სამწუხაროდ, მით მეტ ზიანს მოუტანენ ქვეყნას და დაიღუპავენ პოლიტიკურად თავს". – თქვა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სენატორმა ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"პირველი  [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ". – თქვა რიშმა.

კომენტარები