პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მიშელის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვადამდელი და პოლიტპატიმრები საკვანძოა

ტაბულა

"ყველა ის პუნქტი, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოიყვანა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტი არის საკვანძო ახლავე პროცესის გასახსნელად". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე. 

"ბუნებრივია, ეს კრიზისი შეიქმნა ბევრი ფაქტორის გამო, სახელმწიფოს მიტაცების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში. ბოლო ფაზა ამ ყველაფრის გავრილოვის ღამის შემდეგ იყო, რეპრესიები და ამ რეპრესიების შემდეგ მანიპულაციები, რითიც მიიტაცა და შეინარჩუნა ძალაუფლება ფორმალურად. ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ეს ჩვენს წერილში. აქედან გამომდინარე, ყველა ის პუნქტი, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოიყვანა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტი არის საკვანძო ახლავე პროცესის გასახსნელად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად. ასეთია ვადამდელი არჩევნები და ასეთია პოლიტპატიმრები. 

ამის გამო დავწერეთ წერილი, რომელშიც წერია ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის პრინციპული და რა ფორმითაა ეს საკითხები პრინციპული". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 30 მარტს, 17:00 საათზე დაიწყო. 

სავარაუდოდ, დანიელსონის ამ ვიზიტის ფარგლებში ეს ბოლო შეხვედრა იქნება, რადგან სპეციალური წარმომადგენელი თბილისის დატოვებას დღეს, 30 მარტის საღამოს გეგმავს

29 მარტს მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და პარტიებთან სათითაოდ შეხვედრის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ მედიატორები მოამზადებენ დოკუმენტს, რომელზე ხელმოწერაც პარტიების პასუხისმგებლობაა. 


18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები