პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: დღეს მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს, აქამდე მსგავსი არ ყოფილა

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

"დღეს განსხვავებული დღეა ყველა სხვა მოლაპარაკებების დღეებისგან". – თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე. 

"არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებით ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ არაფერი არ გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ, სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ დღეს განსხვავებული დღეა ყველა სხვა მოლაპარაკებების დღეებისგან იმით, რომ დღეს მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. გუშინ რაც გვითხრეს არის ის, რომ ან დავთანხმდებით ამ წინადადებას, ან არ დავთანხმდებით. გააჩნია წინადადებაში რა იქნება". – თქვა ჯაფარიძემ. 

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 30 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. 

სავარაუდოდ, დანიელსონის ამ ვიზიტის ფარგლებში ეს ბოლო შეხვედრა იქნება, რადგან სპეციალური წარმომადგენელი თბილისის დატოვებას დღეს, 30 მარტის საღამოს გეგმავს

29 მარტს მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და პარტიებთან სათითაოდ შეხვედრის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ მედიატორები მოამზადებენ დოკუმენტს, რომელზე ხელმოწერაც პარტიების პასუხისმგებლობაა. 


18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები