მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $2 მილიარდამდე, მშპ-ის 12%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რამაც მშპ-ის 12.3%-ს მიაღწია. 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დეფიციტის მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

2019 წელს ანგარიშის დეფიციტი 890 მილიონი დოლარი იყო, რაც მშპ-ის 5.1%-ს შეადგენდა. 


რა არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი?

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში ფულის შემოდინების და გადინების ერთ-ერთი მთავარი საზომია. კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, მიმდინარე ბალანსი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს შეადგენს. ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი სამ კრიტერიუმად იყოფა: პირველი საგარეო ვაჭრობის, ანუ საქონლითა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსია. მეორე - შემოსული და გასული საინვესტიციო შემოსავლების ბალანსი. ეს, ერთი მხრივ, პლუსის სახით ასახავს ქართველი ინვესტორების მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავლებს, მინუსით კი იმ შემოსავლებს, რაც უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის მესამე კრიტერიუმი ცალმხრივი გადარიცხვების და გადმორიცხვების ბალანსია. ამაში შედის როგორც უცხოური დახმარება და გრანტები, ისევე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული მათი ახლობლებისთვის.

მიმდინარე ანგარიში მაშინაა უარყოფითი, როცა ამ სამი კრიტერიუმის დაჯამების შედეგად, ქვეყნიდან მეტი ფულია გასული, ვიდრე შემოსული.

 

კომენტარები