პოლიტიკური კრიზისი

გიგაური: დანიელსონთან პირველ რიგში, რურუასა და მელიას გათავისუფლებაზე ვისაუბრეთ

ტაბულა

"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა და ასევე, ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შედგეს კომპრომისული შეთანხმება". - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

გიგაურის თქმით, ერთ-ერთი თემა, რაზეც დანიელსონთან ისაუბრეს, პოლიტპატიმრების - გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხია. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, სასამართლოს რეფორმასა და საარჩევნო სისტემის საკითხსაც შეეხნენ.  

"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიას და რურუას გათავისუფლება, მაგრამ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები და ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშვნელოვანია ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. 

ვსაუბრობდით იმაზეც, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი შეიცვალოს, სადაც იქნებიან ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც კანონის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ და ასევე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს სასამართლო სისტემის მიმართ. 

ასევე ჩვენ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გატარდეს, რადგან მოდის ადგილობრივი არჩევნები და ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს". - ამბობს გიგაური. 

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, გიგაურის განმარტებით, "ეს პარტიების პოზიციაა, შესაბამისად ამაზე არ გვისაუბრია". 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები