პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი საბანაძეზე: ზაფხულში აპირებდა სისტემიდან წასვლას, უბრალოდ დააჩქარა

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება. 

"მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.     

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბანაძის გადადგომის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ მას, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.


ევროკავშირში საქართველოს ელჩი და ქართული მისიის ხელმძღვანელი, ნატა საბანაძე თანამდებობიდან 21 მარტს გადადგა. ნატა საბანაძემ კომენტარი ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან გააკეთა და დასძინა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა". მისივე სიტყვებით, "ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო." 

კომენტარები