გირვანქა სტერლინგი

ბრიტანეთის ახალ £50-იან ბანკნოტზე ალან ტურინგი იქნება გამოსახული

ფოტო: reuters.com

ინგლისის ბანკმა ახალი 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტის დიზაინი წარმოადგინა, რომელზეც მათემატიკოსი ალან ტურინგია გამოსახული

ტურინგს დიდი წვლილი მიუძღვის  მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის გამარჯვებაში.  მან შექმნა მოწყობილობა, რომელსაც გერმანული შიფრაციის აპარატის, ენიგმას პარამეტრების გამოთვლა და საიდუმლო შეტყობინებების გაშიფვრა შეეძლო. 

მეცნიერთა ნაწილი ტურინგს თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერებისა და კრიპტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევს.  

"ალან ტურინგი იყო გამოჩენილი მათემატიკოსი, რომლის საქმეებმა უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ დღეს. კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის დამფუძნებელი მამა, მეორე მსოფლიო ომის გმირი, ალან ტურინგის კონტრიბუცია ინოვაციური და უმნიშვნელოვანესი იყო. ტურინგი არის გიგანტი, რომლის მხრებზეც ძალიან ბევრი რამ დგას". - თქვა ინგლისის ბანკის წარმომადგენელმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს ალან ტურინგმა მანჩესტერის უნივერისტეტში დაიწყო მუშაობა. მეცნიერი ჰომოსექსუალი იყო და 1952 წელს თავის თანამშრომელთან, არნოლდ მიურესთან დაიწყო ურთიერთობა. ამის შემდეგ, ალან ტურინგი დააკავეს და ბრალი უხამსი ქმედებისთვის წარუდგინეს. მაშინ დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალობა დასჯადი იყო. ციხის ნაცვლად, ტურინგი ქიმიურ კასტრაციას დასთანხმდა, რამაც მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განადგურება გამოიწვია. 1954 წლის, 8 ივნისს 41 წლის ალან ტურინგმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

2014 წელს ფილმში "იმიტაციის თამაში" ტურინგის როლი შეასრულა ბენედიქტ კამბერბეჩმა .

ტურინგის ხსოვნის პატივსაცემად ინგლისის ბანკის სათავო ოფისიდან ცისარტყელა დროშა გადმოეფინება. ახალი ბანკნოტი კი ბრუნვაში მის დაბადების დღეს, 23 ივნისს შევა. 
 

კომენტარები