პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: აშშ-დან ასეთი მძიმე გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არასდროს ყოფილა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია შეეხო აშშ-ს საკომიტეტო მოსმენას და თქვა, რომ მსგავსი მძიმე გზავნილები საქართველომ ბოლოს ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ მიიღო.

"არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი, საქართველოსთვის მძიმე,  საკომიტეტო მოსმენა სენატში, არასოდეს ასეთი გზავნილებით. ერთადერთი, რასაც შეგვიძლია, შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, სულ ბოლოს ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას". – ამბობს გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას თქმით, მართალია უსიამოვნოა მსგავსი გზავნილების მოსმენა აშშ-ს მხრიდან, თუმცა საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა. 

"ყოველთვის ითვლებოდა დამსახურებულად მკაფიო ლიდერად ამ რეგიონში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელიტაში ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ წავიდოდა საქართველო წინ. დღეს, სამწუხაროდ, ამ რეჟიმის წყალობით,  მსჯელობა არის იმაზე, როგორ უფსკრულისკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ეს შეიძლება იყოს ფაქტორი და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა". – ამბობს გიგა ბოკერია

 

კომენტარები