პოლიტიკური კრიზისი

კელი: თუ კრიზისი არ გადაწყდება, მივიღებთ ძალიან არადასავლური სტილის ხელისუფლებას, რეჟიმს

იან კელი

აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ საკუთარი ანგარიში- ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს დახმარების საქმე განიხილეს.

დისკუსიისას იან კელიმ საქართველოს დემოკრატიის ტენდენციებზე და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება.

"გაზვიადება არ იქნება, თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კრიზის ვუწოდებთ. საქართველოს აქამდეც უნახავს ძალაუფლების თანდათანობითი აკუმულაცია ერთი ადმიანის და ერთი პარტიის ხელში. ჩვენ ეს ვნახეთ გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის დროს. რაც უფრო მეტს ვიკვლევდი საქართველოს დემოკრატიის ისტორიას, მით უფრო ჩანდა ეს ტენდენცია, მაგრამ, ვფიქრობ, ახლანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და შეიძლება მივიღოთ გაცილებით უფრო დამაზიანებელი შედეგი, თუ პოლიტიკური პარტიები საქართველოში ვერ შეძლებენ სიტუაციის გადაწყვეტას და ოპოზიციას არ მიეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, მივიღებთ ძალიან არადასავლური სტილის ხელისუფლებას, მივიღებთ რეჟიმს.

საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში არსებობს კონტროლისა და ბალანსის ნაკლებობის პრობლემა. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმისა არის პლურალისტური პარლამენტი. არ შეიძლება [პარლამენტში] იყოს მხოლოდ ერთი პარტია" - თქვა კელიმ.

იან კელი აღნიშნავს, რომ მოკლე ვადიან პერსპექტივაში საჭიროა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და პარლამენტში იყოს ოპოზიციური ხმა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ყურადღება უნდა მიექცეს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. კელი აღნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ზედმეტად ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

დევიდ კრამერი და იან კელი ანგარიშში დიდ ყურადღებას უთმობენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კრიზისს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მოვლენების უკიდურესი სიმწვავე დასავლეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უფრო მტკიცე პასუხს ითხოვს.

კომენტარები