კახაბერ საბანაძე

კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

უწყებამ გამოძიება დაიწყო მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის შესაძლო დამონტაჟებაზეც. 

როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დღეს, 23 მარტს, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა.

კახა საბანაძემ თანამდებობა TV პირველისა და მთავარის ეთერებში გასული ჩანაწერების გამო დატოვა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ.

კახა საბანაძის გადადგომას წინ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნათქვამი უძღვოდა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება. საბანაძე სწორედ გახარიას კადრად განიხილება.

კომენტარები