კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა

PFIZER-ის ერთ-ერთი შემქმნელი: ველით, რომ რამდენიმე წელიწადში კიბოს ვაქცინები გვექნება

ოზლემ ტიურეჩი

Pfizer-ის ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის, ოზლემ ტიურეჩის თქმით, რამდენიმე წელიწადში მისი და მისი ქმრის, უგურ შაჰინის მიერ დაარსებულმა გერმანულმა კომპანია BioNTech-მა შესაძლოა, ხალხს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შესთავაზოს.

წყვილი წლების განმავლობაში მუშაობდა იმ გზის საპოვნელად, რითიც ისინი იმდენად გააძლიერებდნენ ადამიანის იმუნურ სისტემას, რომ ის სიმსივნეებთან გამკვლავებას შეძლებდა, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე მათ გეგმების შეცვლა მოუწიათ და მუშაობა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაიწყეს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა - Pfizer/BioNTech და Moderna რიბონუკლეინის მჟავაზე [RNM] დაფუძნებული ვაქცინებია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის დროს რიბონუკლეინის მჟავა ერთგვარ სატრანსპორტო საშუალებად გამოიყენება, რომელსაც უჯრედებში ინსტრუქციები მიაქვს, როგორ შექმნან პროტეინები იმუნური რეაქციის გამოსაწვევად.

BioNTech-ი გეგმავს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაც იმავე მუშაობის პრინციპს დაუქვემდებაროს.

"ჩვენ რამდენიმე, სხვადასხვა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე ვმუშაობთ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან mRNA-ზე". – თქვა ოზლემ ტიურეჩიმ.

კითხვაზე, როდის შეიძლება ვაქცინა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მან უპასუხა:

"ძალიან რთულია პროგნოზირება, როდესაც საქმე ინოვაციურ განვითარებას ეხება. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე წელიწადში ასევე გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლების ხალხისთვის შეთავაზებაც შეგვეძლება".

კომენტარები