ჯანდაცვის სექტორი

2020 წელს კერძო ჯანდაცვამ 2.1 მლრდ ლარი გამოიმუშავა, ტოპ 4 ფირმაზე 30% მოდის

გალტ & თაგარტი და საერთაშორისო ფონდი კურაციო საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მიმოხილვას ავრცელებენ.

ძირითადი მიგნებები

დოკუმენტის მიხედვით, სექტორში ჭარბი რესურსებია დაბანდებული და მათი ეფექტიანად გამოყენება არ ხდება. საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი საქართველოში(2019) 49%-ია, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის(77%) და დსთ-ს(83%) საშუალო მაჩვენებლებს. G&T-ის მკვლევართა აზრით, დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი სექტორის ფრაგმენტულობაა – დაწესებულებების 60% ჰოსპიტალიზაციების მხოლოდ 10.9%-ს იკავებს(2019), ხოლო საავადმყოფოების საშუალო ზომა, საწოლ-ფონდის მიხედვით, 3-ჯერ ჩამორჩება OECD-ის მაჩვენებელს. 

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ, 2014-20 წლებში, ჯამში ~350 მილიონი ლარი(დამტკიცებულ ბიუჯეტზე 8%-ით მეტი) შეადგინა. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება. ამასთან, სახელმწიფო დავალიანება კომპანიების მიმართ აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, რის დასაბალანსებლადაც სამედიცინო დაწესებულებები სასესხო ვალდებულებებს ზრდიან. მკვლევართა თქმით, 2015-2019 წლებში სექტორში ვალისა და საოპერაციო მოგების ფარდობა(DEBT/EBITDA) 3-ჯერ გაიზარდა. 

კვლევაში ნეგატიურად უყურებენ სახელმწიფოს მცდელობას, ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს(520-ე და სხვა დადგენილებებით). ანგარიშის მიხედვით, უნიფიცირებული ტარიფები, თუ არ იქნება მეთოდოლოგიურად გამართული, ხარისხზე ორიენტირებული და პერიოდულად დაკორექტირებული, საფრთხეს შეუქმნის სექტორის ფინანსურ სტაბილურობას, მომსახურების ხარისხს, და პაციენტების ფინანსურ დაცულობას. მაგალითად, არსებობს რისკი, რომ დაწესებულებები შემოსავლებისა და ხარჯის დასაბალანსებლად:

  • იაფ ან უხარისხო მედიკამენტებს შეიძენენ
  • შეამცირებენ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობას
  • გაზრდიან მედპერსონალის დატვირთვას სახელფასო ხარჯის შემცირების მიზნით
  • თანაგადახდის გზით და სხვა მექანიზმებით მოახდენენ ხარჯების ნაწილის პაციენტის ჯიბეზე გადატანას

მთლიან ეროვნულ დანახარჯებში დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხებია, მიუხედავად იმისა, რომ 2014-20 წლებში სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილი 21%-დან 42%-მდე გაიზარდა:

2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სექტორის შემოსავლები 3.7%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ჯანდაცვის სექტორის ტოპ 4 მოთამაშე ჯამური შემოსავლების ~30%-ს გამოიმუშავებს. დანარჩენი მოთამაშეები ინდივიდუალურად ბაზრის 3%-ზე ნაკლებ წილს იკავებენ როგორც შემოსავლების, ისე ჰოსპიტალიზაციების მიხედვით. ამასთან, ჰოსპიტალური დაწესებულებების 60% ჯამურად ბაზრის მხოლოდ 10.9%-იან წილს ფლობს, ჰოსპიტალიზაციების მიხედვით(2019). 

შემოსავლების გენერირების მიხედვით სექტორის ტოპ მოთამაშეების სია ასე გამოიყურება:

  1. ევექსი – 16.7%

  2. ავერსი – 7.1%

  3. ვივო მედიქალი – 3.3%

  4. ჯეო ჰოსპიტალსი – 2.7%

  5. აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი – 2.3%

 

 

კომენტარები