პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე გახარიაზე: თუ პოლიტიკაში დარჩენა სურს, ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა ყოფილი პრემიერმინისტრის,  გახარიას გადაწყვეტილებაზე პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით და თქვა, რომ გახარია ბევრ პრობლემაზე არის პასუხისმგებელი, ამიტომ, თუ სურს პოლიტიკაში დარჩენა, პასუხი უნდა გასცეს ბევრ კითხვას. 

"მე არ ვიცი, გიორგი გახარია რას აპირებს, ალბათ თვითონ ისაუბრებს ამაზე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გახარიას, როგორც მასთან დაახლოებულ ადამიანებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა სუს-ის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უკანონო მოსმენა, ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხისმგებელი არის გახარიაც, ამიტომ, თუ უნდა პოლიტიკაში დარჩენა მოუწევს ამეებზე პასუხის გაცემა".

კაპანაძე შეეხო ფარული ჩანაწერების საკითხსაც და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს არამხოლოდ ოპოზიციაში, არამედ საკუთარი გუნდის შიგნითაც ხედავს. კაპანაძის მიხედვით, მსგავსი უკანონო პრაქტიკის გაგრძელება დიდი დანაშაულია, თუმცა არ აქვს იმედი, რომ ქართული ოცნება ამას გამოიძიებს.

"მე ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ ისინი უსმენენ ყველას, ვისაც თვლიან საინტერესოდ ივანიშვილისთვის, ვინც შეიძლება პოტენციურ საფრთხეს უქმნიდეს ივანიშვილს და ეს არ არის, როგორც ჩანს მხოლოდ ოპოზიცია, თავის გუნდის შიგნითაც ხედავენ ასეთ საფრთხეებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვის უსმენენ კონკრეტულად, თავისი გუნდის წევრს, პოლიტიკურ ოპონენტს, მედიის წარმომადგენელს თუ სხვა. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად ხდება ამ უკანონო პრაქტიკის გაგრძელება".

სერგი კაპანაძე ნატა საბანაძის თანამდებობიდან გადადგომასაც  გამოეხმაურა და თქვა, რომ საბანაძისთვის ჩავარდნილი მოლაპარაკებები და მზარდი კრიტიკა გადაულახავ მორალურ დილემას წარმოადგენდა, რის საფუძველზეც მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

"მის ამ პროფესიონალურ სერვისს ქართული ოცნება იყენებდა თავისი ცუდი პოლიტიკის შესაფუთად და გასამართლებლად ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან, როგორც ჩანს, ჩავარდნილი მოლაპარაკებები და მზარდი კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან აღარ აღმოჩნდა მისაღები და ერთერთი ყველაზე გადაულახავი მორალური დილემა იყო ქალბატონი ელჩისთვის".

 

კომენტარები