საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო

გაუარესებული შედეგი, არარსებული ფოკუსი კორუფციაზე - TI ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგზე

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმოიხილავს 2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიშს და გამოყოფს სამ მთავარ პრობლემას: ​​​​​​იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა; არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები; მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირებს რამდენიმე მიმართულებით შეუმსუბუქდათ დეკლარირების ვალდებულება, 2020 წელს დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა რიცხვმა  52%-ს მიაღწია და 2019 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ  თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად.

ამასთან ერთად, 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდაც არასრულია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ შემდეგ პირებს:

  • რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)
  • ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)
  • ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დეკლარაციების მონიტორინგს დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმების გარდა ევალება ასევე ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია, აღმოჩენილ დარღვევათა  უმრავლესობა ეხება მხოლოდ დეკლარაციის ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეს, ხოლო  ბიუროს თითქმის არცერთი შემთხვევში არ დაუფიქსირებია ისეთი დარღვევები, როგორიცაა: კორუფციის ნიშნები, ინტერესთა ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო გამდიდრება ან/და დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, თანამდებობის დატოვების შემდგომი შეზღუდვის დარღვევა (ე.წ. მბრუნავი კარი) და სხვა ამგვარი დარღვევები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიხედვით, დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 3-ჯერ მოხდა ისე, რომ შემოწმდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის მხოლოდ ნახევარი. ამის მიზეზი არის ის, რომ სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც შესამოწმებელი დეკლარაციების ნახევარი (ანუ ყველა დეკლარაციის 5%) უნდა შეარჩიოს, უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა. შედეგად, 2020 წელსაც შემოწმდა დეკლარაციების მხოლოდ 5% (რაც შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონულად შეირჩა).

ამასთან ერთად, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  მოცემული პრობლემების გადასაჭრელად ავრცელებს შემდეგ რეკომენდაციებს:

  1. დარღვევების მაღალი მაჩვენებელი – ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების დროს თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აუცილებელია დეკლარაციის შევსების პროცესის განახლება და გამარტივება, მათ შორის პასუხების სტანდარტიზებითა და ავტომატიზების გზით. 
  2. არარსებული ფოკუსი კორუფციაზე – დეკლარაციების მონიტორინგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის შემოწმებით. მონიტორინგის ნაწილი უნდა გახდეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევების გამოვლენაც, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
  3. დამოუკიდებელი კომისიის არშექმნა – აუცილებელია, მინიმუმამდე შემცირდეს შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი დამოუკიდებელი კომისიის არშექმნის შესაძლებლობა; ხოლო, მისი არშექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რათა ყოველ წელს, ნებისმიერ შემთხვევაში, შემოწმებას დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის 10% დაექვემდებაროს.

 

 

კომენტარები