პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: 15 მაისამდე უამრავი სპონტანური აქცია შეიძლება იყოს, მათ შორის თბილისშიც

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციამდე, რომელიც 15 მაისს გაიმართება, შესაძლოა იყოს სპონტანური აქციები მათ შორის თბილისშიც. მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ეროვნული ამოცანაა. 

"მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის და რამდენადაც ვიცით, ყველა პოლიტიკური ძალისთვის, დემოკრატიულ ოპოზიციაში, რეგიონებში შეხვედრები და აქციები. უამრავი სპონტანური აქცია შეიძლება იყოს იქამდე, მათ შორის, თბილისშიც არ არის გამორიცხული. მაგრამ, შემაჯამებელი აქცია იქნება 15 მაისს თბილისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმი არ ექვემდებარება ამ გაგებას იმ ვითარების და არ ექვემდებარება ჯერ ზეწოლას საკუთარი საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს. არ აქვს შეგნებული, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, როცა უზურპირებული ძალაუფლება მოპარული არჩევნებით, პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით, რომლებიც ციხეში არიან, და საქართველოს სტრატეგიული კურსის ეროზიით თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც უნდა მიდიოდეს, და რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ წავა ამ მიმართულებით იმიტომ, რომ მისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ეს ფასი არის ძალიან მძიმე ფასი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, უსაფრთხოებაში.

ამიტომ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და შემდეგ ამ ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ეს საშიში ძალა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამის აქტიური მონაწილე იქნება ამ პროცესის ყველა ეტაპზე, ისევე, როგორც ეს აქამდე იყო. და ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე, იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმ დოზით, ვისაც როგორ შეუძლია, პროტესტის გამოთქმა მშვიდობიანად, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ მიიღოს მონაწილეობა ყველა მშვიდობიან აქციაში და საბოლოოდ, 15 მაისის აქციაში, თბილისში". – თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა პროცესს დრო დასჭირდეს, მაგრამ მას ალტერნატივა არ გააჩნია. 

"ნება ახლაც არსებობს, უბრალოდ ამ ნების მშვიდობიანად, ოღონდ მწვავედ გამოხატვის აუცილებლობა და დადგა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის სხვანაირად არ სურს მიღება იმ ნების, რომლებიც აქვს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოკავშირეებს. ამიტომ გახდა ეს საჭირო, ამას შეიძლება დასჭირდეს და უკვე დასჭირდა მეტი დრო, ვიდრე მე ვისურვებდი, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ისურვებდნენ. ყოველი დღე ამ კრიზისის და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის უმძიმეს ფასად უჯდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამას ალტერნატივა არ გააჩნია. არის ორი ინსტრუმენტი – ეს არის საზოგადოების მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი ქვეყნის შიგნით და ზეწოლა ქართველი ხალხის მოკავშირეებისგან ქვეყნის გარეთ". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მიერ მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავადრნის შემდეგ,  ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე მოქმედების გეგმა გააჟღერეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი საგანგებო, წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან, რაც ითვალისწინებს პერმანენტულ აქციებს, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. ოპოზიციის ლიდერები, ასევე, გეგმავენ რეგიონებში გასვლას და საპროტესტო კამპანიის წამოწყებას. 15 მაისს მასშტაბური აქცია დაიგეგმა.

18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე – "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები