პოლიტიკური კრიზისი

კრამონი სააკაშვილზე: ვისურვებდი, ან ჩუმად ყოფილიყო, ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა

ვიოლა ფონ კრამონი

"პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვისურვებდი, ან ჩუმად ყოფილიყო, ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო" – ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და მის როლზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში.

"მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას. მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ მისი კომენტარებითა და გამუდმებული  ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს. სწორედ ამიტომ ვწუხვარ. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი". – ამბობს ევროპარლამენტარი


გასულ კვირას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ  Institute of Current World Affairs-ის პოდკასტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში უარყოფითია.

მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი დიპლომატის და ევროპარლამენტარის მიერ მის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს TV პირველის ეთერში გამოეხმაურა.

"მე სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს... ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი და, უკაცრავად, მსოფლიოში გვარები რომ დაასახელეს, ეგენი ვინ იცის და მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ". – თქვა სააკაშვილმა

გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა –  მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.

მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

მანამდე, 2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

სრულად, თუ რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები