პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: გირჩიც და ოცნებაც ერთმანეთთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იმსახურებენ

"მე მგონია, ორივენი იმსახურებენ ამას. მცირე სასჯელია, მაგრამ იმსახურებენ ისინიც და ისინიც ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას ფასილიტატორების იმედი ნაკლებად აქვს და ქართულ ოცნებასთან საუბარის დაწყებას აპირებენ.

"ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ დავუკავშირდები, რათა მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა". – თქვა მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

გუშინ, 18 მარტს, ქართულ ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა –  მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.

მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

მანამდე, 2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც შარლ მიშელმა მხარეებს 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა.

სრულად, თუ რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში წაიკითხეთ აქ.

კომენტარები