პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ოცნებას შეთანხმებისთვის საკვანძო თემებზე გონივრული საუბრის უნარი ვერ აღმოაჩნდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის შარლ მიშელის  წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით პოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შესახებ. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოს აკრძალული ჰქონდათ საკვანძო საკითხების განხილვა.

"ივანიშვილის გარემოცვამ გუშინ მოახდინა იმის დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რასაც ახდენდა სხვადასხვა ინტენსივობით ჩვენი საზოგადოების თვალწინ მთელი ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, ახლა ისეთი ღრმა კრიზისია მათი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში, რომ უფრო თვალნათელი იყო მათი გაშიშვლებული სახე, თუ რამხელა საფრთხე არიან და რომ, შეიძლება ითქვას, დავალება ჰქონდათ, რომ ვერც კი ემსჯელათ საკვანძო საკითხებზე და ვერცერთ საკითხზე, რომელიც პრეზიდენტი მიშელის გეგმაში იყო. მათ ვერ აღმოაჩნდათ უნარი გონივრული საუბრის იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს და საკვანძო თემებზე, რომელიც გამხსნელია სხვა თემებიბის, პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. საერთოდ, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფიქრის უფლებაც არ ჰქონდათ ამ საკითხებზე". – ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს სასურველ შედეგამდე მისასვლელად, მათ შორის მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტის აღდგენა და დასავლური სამყაროს ზეწოლა, რაც, ბოკერიას თქმით, ასევე აუცილებლად გაგრძელდება.

"რაც შეეხება, როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, ევროპული საქართველოს აზრით, ჩვენ, ქვეყნის შიგნით უნდა განვაახლოთ და გავაფართოოთ მშვიდობიანად მწვავე პროტესტი და თავისუფალი სამყაროს და მოკავშირეების, მათ შორის ევროკავშირის, აშშ-ს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს პირდაპირი თვალსაზრისით წნეხს ამ რეჟიმზე, გაგრძელდება აუცილებლად და ამ ინსტრუმენტებით უნდა მივიდეთ ჩვენ სასურველ ამოცანამდე: ვადამდელ მშვიდობიან არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და შემდეგ ამ ხელისუფლების ჩამოშორებამდე ძალაუფლებიდან". – თქვა ბოკერიამ


გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები