კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ​ექსპერტები იმსჯელებენ AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდგომ გაგრძელებასა და ფორმატზე 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღეს, 18 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, სადაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებაზე იმსჯელებენ. 

"დღეს სამინიტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროცესის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ასტრაზენეკაზე მაქვს საუბარი".- ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, სტანდარტულად, როდესაც დგება ვაქცინაციაზე სავარაუდო მძიმე გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე,  "ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი, ვიდრე არ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი". 

მისივე თქმით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, სადაც ვაქცინაციის შემდეგ მედიცინის მუშაკის მდგომარეობა დამძიმდა. 

"რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინას შორის".- ამბობს გაბუნია და აღნიშნავს, რომ მედიცინის მუშაკს მკურნალობა თბილისში ჩაუტარდება. 


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. 

კომენტარები