TI-ს კვლევა

TI: პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა

ფოტო: worldbank.org

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) გამოაქვეყნა ახალი კვლევა, სადაც წერია, რომ Covid-19-ის პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მშპ-ის მიმართ 3.3%-ით შემცირდა. 

2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ექსპორტითა და ფულადი გზავნილებით 1.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მშპ-ის 9% იყო. 2020 წელს კი საქართველომ რუსეთიდან 900 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის 5.7%-ია. 

"2020 წელს საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით იყო დამოკიდებული. განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება შეინიშნებოდა ქართული ღვინის ექსპორტში და რუსული ხორბლის იმპორტში. რუსულ ელექტროენერგიაზე და გაზზე საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული. ასევე, მცირეა საქართველოში რუსული ინვესტიციები". – წერია კვლევაში. 

პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკა შემოსავლების მხრივ რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. 2020 წელს რუსეთიდან 208 677 ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც 50 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 86%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაშინ რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დახარჯეს.  

2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა, 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა.  

"რუსეთიდან გზავნილების კლება პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო, რადგან ბოლო წლებში ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპა უფრო მიმზიდველია და ევროპული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება".

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ითაა შემცირებული, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მილიარდ დოლარს აღწევს. 

“დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება“. – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში. 

ხორბლის იმპორტში რუსეთს თითქმის 100%-იანი წილი უჭირავს. ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში კი 2020 წელს რუსეთის წილი 56.8%-ს გაუტოლდა. 
 

კომენტარები