კლუბები

BASSIANI: ვაქცინაციის გარეშე ქვეყანაში ღამის ცხოვრება არ უნდა ამოქმედდეს

"არ ვარ მომხრე, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანაში ღამის ცხოვრება ამოქმედდეს“. - ამის შესახებ კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა გადაცემა საქმიან დილაში ისაუბრა. 

ის იმედოვნებს, რომ ივლისიდან ღია ღონისძიებების ჩატარების უფლებას მისცემენ. 

„ღამის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს მოდელები და ნიმუშები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან. გვაქვს მიმოწერა და ვმსჯელობთ, უკეთესად რომელი მოერგება ჩვენს ქვეყანას. აპრილის ბოლოდან კი სატესტო ვერსიების ჩაშვებას ვიწყებთ. გვექნება კვლევა და ვიმედოვნებთ, რომ მის საფუძველზე ივლისიდან ღია ღონისძიებების ჩატარების უფლებას მოგვცემენ". - ამბობს ორაშვილი.. 

როგორც ორაშვილი ამბობს, არ იცის, რამდენი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი ღია ტიპის ფესტივალებზე და ამასაც კვლევის საფუძველზე დაადგენენ. მისივე თქმით, ღამის კლუბებმა პანდემიის შემდეგ სულ თავიდან უნდა დაიწყონ სიცოცხლე.

"სახელმწიფოს მხრიდან ვითხოვთ მხოლოდ ორ რამეს. პირველი: ვიყოთ აღიარებული, როგორც კულტურის მიმართულება და მეორე: მოგვეცეს საშუალება, თავად გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გავხსნათ კლუბები უსაფრთხოდ ისე, რომ არც ჯანმრთელობის კუთხით შევქმნათ პრობლემა და თან ქვეყნისთვისაც ვიყოთ სასარგებლო". - ამბობს ორაშვილი.

კომენტარები