პოლიტიკური კრიზისი

შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრა დატოვა. ნათელაშვილის თქმით, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს იმ ფორმატში, სადაც პირველ საკითხად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არ განიხილება. 

"ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან. 

მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციას და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი". – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, შემოთავაზებულ დოკუმენტში პირველი საკითხია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით, 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები