პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ღარიბაშვილის სიტყვას ერთი დადებითი გვერდითი ეფექტი აქვს, ის არაფერს ნიშნავს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ღარიბაშვილის სიტყვებს და იმას, რომ ჩვენ ეგეთი მთავრობა გვყავს, ერთი დადებითი გვერდითი ეფექტი აქვს, მათი სიტყვები არაფერს ნიშნავს". – ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შესახებ პრესკონფერენციაზე.

"მათი სიტყვები არაფერს ნიშნავს, სანამ არ მოხდება ქმედება. ქმედება ჯერ არ გვაქვს. ძალიან ცუდია, რომ ჯერჯერობით ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ამ ვითარების შენარჩუნება ქვეყნისთვის ნორმალურად ვერ მოხერხდება და მათთვისაც საშუალოდ და გრძელვადიანად ვერ მოხერხდება.

როცა მიხვდებიან ამას, მაშინ დაინიშნება, იქამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის შიგნით და ყველა შემთხვევაში როგორც არ უნდა მოიტყუონ თავი იმითი, რომ ღიად თავს არ დაესხა ევროპელი მაღალჩინოსანი კონკრეტულ მომენტში, რაც მოუვიდა შევარდნაძის რეჟიმს ვარდების რევოლუციამდე, შემდეგ იანუკოვიჩს, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ეს სცენარი, იგივე მოუვათ მათაც". – ამბობს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერია შეეხო ასოცირებული საბჭოს პრესრელიზს, სადაც წერია, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტული იყო. გიგა ბოკერიას თქმით, აქ ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო  კოვიდ-19-ის  პირობებში სადამკვირვებლო მისიების არარსებობა, რის გამოც ეს დასკვნა არ ასახავს რეალობას. თუმცა, მიუხედავად  ამისა, დასავლეთი ღრმად შეშფოთებულია არსებული კრიზისით, რომლის  განმუხტვასაც  სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

"ეს არის ციტატა  ოდირის მოხსენებიდან, ეს მათი პოზიცია იყო აქამდეც, არ შეცვლილა, არც შეიცვლება მომავალში, ამის ილუზია არ გვაქვს, ჩვენ აქვს გვისაუბრია, თავის დროზე ამ ეთერში, მაგაში აღარ არის საქმე, იქვე ქვემოთ არის პარაგრამი, იმაზე, თუ როგორი შეშფოთებულია ევროკავშირი პოლარიზაციით და აქედან ყველა მხარემ უნდა იპოვოს გამოსავალი, სადაც გადამწყვეტი როლი აქვს ხელისუფლებას". – ამბობს გიგა ბოკერია


დღეს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ  შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. მაშინ როდესაც, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ინტენსიურ  მოლაპარაკებებს უწევს მედიაციას, სადაც ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვადამდელი არჩევნებია. 

კომენტარები