კრიმინოგენური მდგომარეობა

2020 წლის კრიმინოგენური მდგომარეობა: ოჯახში ძალადობა კვლავ იზრდება

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, 2019-თან შედარებით, ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 11.74%-ით შემცირდა. 

აბსოლუტურ რიცხვებში, 2020 წელს დანაშაულის 56 596 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი – 64 123. შემთხვევების კლების ფონზე, ფაქტობრივად უცვლელია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წელთან შედარებით 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 35.56%-ს გაუტოლდა. 

მედიაპროექტ ფაქტ-მეტრის მიხედვით, პანდემიის დროს შემოღებულ საგანგებო მდგომარეობასა და შეზღუდვებს, შესაძლოა, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზეც ჰქონოდა გავლენა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ მოახდინა გავლენა რეგისტრირებული დანაშაულის შემცირებამ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელზე. 

Factcheck.ge / შსს

2020 წელს მნიშვნელოვნად, თითქმის 40%-ითაა მომატებული განზრახ მკვლელობის შემთხვევები. გაზრდილია თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებიც – მაჩვენებელი წლის ჭრილში 116-ით არის გაზრდილი. ჯამურად, დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 4.51%-ითაა მომატებული.

ამის ფონზე, შემცირებულია დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 10.42%-ით ნაკლებია. თუმცა, გაზრდილია ოჯახში ძალადობა – 2020 წელს ოჯახური ძალადობის დეკლარირებული შემთხვევები თითქმის 7%-ით გაიზარდა, თუმცა, სავარაუდოა, რომ რეალობა ბევრად მძიმეა. 

ფაქტ-მეტრში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, შესაძლოა, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს, რამდენადაც, მკაცრი შეზღუდვების ფონზე ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა. თუმცა, თვიური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შემთხვევები ყველაზე მაღალი ზაფხულში, მინიმალური შეზღუდვების ფონზე იყო.

Factcheck.ge / შსს

ზუსტად რის გამო მოიმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა, შსს-ს მინისტრისთვისაც უცნობია. ვახტანგ გომელაურის თქმით:

"შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ვერ გეტყვით პანდემიის გულიზე მოიმატა, თუ რისი გულიზა მოიმატა, ნამდვილად ვერ გეტყვით".

ზემოხსენებულის გარდა, 2019 წელთან შედარებით, 2020-ში მნიშვნელოვნად, 46.19%-ით, დაიკლო ნარკოტიკულმა დანაშაულმა. შემცირებულია დანაშაული საკუთრების წინააღმდეგაც – წლიურ ჭრილში შემთხვევების რაოდენობა 3 149-ით დაეცა. 

ფაქტ-მეტრის მიხედვით, თუ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დანაშაულის რაოდენობა მარტში, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან ერთად, მკვეთრად იკლებს, შემდეგ კი, შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქების პარალელურად, იმატებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს შესაძლოა, ამ სახეობის რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზე, გარკვეული გავლენა ჰქონოდა.

 

კომენტარები