გამოცემა Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება 1.5 მილიარდი დოლარით, 3.3 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ცვლილებასთან დაკავშირებით გამოცემას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
ბიძინა ივანიშვილის აქტივების ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგით და იგი კვლავ 5.8 მილიარდ დოლარს აღემატება. Forbes-ის რეიტინგით ივანიშვილის ქონება მაქსიმალურად 2012 წელს შეფასდა, მაშინ გამოცემა ქართული ოცნების დამფუძნებლის ქონებას 6.4 მილიარდი დოლარით აფასებდა.
2020 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ ქართუს გადასცა. აქედან ცოტა ხანში გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში ივანიშვილმა Forbes-ისა და Bloomberg-ის შეფასებებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ორივე გამოცემა მოძველებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს, რაც აღარ ასახავს რეალობას. "ეს 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია, მაგალითად, Forbes-თან, 10 წელია, არ მითანამშრომლია. თავიდან ჩემი თანხმობით ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ბოლო წლებში როგორ და რას ითვლიან, ეგეც არ ვიცი, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია",- თქვა ივანიშვილმა.
ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო მისი და ოჯახის სარგებლობაში კი მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დარჩება.