რუსეთი

პუტინის პარტიის რეიტინგი თითქმის 8-წლიან მინიმუმზეა – გამოკითხვა

TASS

რუსეთის მმართველი პარტიის – "ერთიანი რუსეთი, ძლიერი რუსეთი" – რეიტინგი თითქმის 8-წლიან მინიმუმზეა. 

გამოკითხვის შედეგებს რუსული არასამთავრობო, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, "ლევადა-ცენტრი" ავრცელებს. მათი თქმით, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვლადიმირ პუტინის პარტია ხმების მხოლოდ 27%-ს აიღებდა. ნიშანდობლივია, რომ არჩევნები მართლაც არაა შორს – მოსახლეობა პარლამენტის წევრებს არა უგვიანეს 2021 წლის 19 სექტემბერს აირჩევს.

ბოლოს პუტინის პარტიის რეიტინგი 27%-იან ნიშნულს 2013 წელს ჩამოსცდა, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა. უკრაინის ტერიტორიების მიტაცების ფონზე, მმართველი პარტიის რეიტინგი 2017 წლისთვის 40%-მდე გაიზარდა, თუმცა, ბოლო წლებში, ისევ 30%-ის ფარგლებში მერყეობდა. 

პარტიის ექსპერტის, კონსტანტინ კოსტინის თქმით, რეიტინგი მომდევნო თვეებში შესამჩნევად გაიზრდება, როცა პოლიტიკური ძალები წინაასაარჩევნო კამპანიებს დაიწყებენ. 

პუტინის პარტიას განსაკუთრებული გამოცდა ალექსეი ნავალნისგან ელის. მან და მისმა მხარდამჭერებმა, მას შემდეგ, რაც რეჟიმმა მათ 2018-2019 წლის საპრეზიდენტო და რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, ე.წ. "ჭკვიანი ხმის მიცემის" მეთოდი შეიმუშავეს. 

მეთოდი მმართველი პარტიის გამორჩეული ოპონენტების შერჩევასა და ნავალნისთვის განკუთვნილი ხმების მათთან გადამისამართებას გულისხმობს. რომელ კანდიდატებზე აპირებს დაყრდნობას პოლიტპატიმრის გუნდი, ნავალნის ამომრჩევლებს მოგვიანებით ეცნობებათ.

გასულ ზაფხულს, კონსტიტუციური ცვლილებისთვის მხარის დაჭერით, რუსეთის მოსახლეობამ 68 წლის ვლადიმირ პუტინს, მისი 21-წლიანი მმართველობის კიდევ 12 წლით გახანგრძლივების უფლება მისცა.

 

კომენტარები