ოჯახში ძალადობა

POG: ბრალდებულმა ცოლს, რომელსაც ჩვილი ეჭირა, ანთებული ღუმელი ესროლა, იქამდე ნაჯახით დაემუქრა

www.geo.tv

კაცს, რომელიც გურჯაანში გაუფრთხილებლობით 11 თვის ბავშვის სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ზ.შ-ს ბრალად ასევე ედება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და ოჯახში ძალადობა.

"გამოძიების საწყის ეტაპზე დადგინდა, რომ  9 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე  ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ძალადობის დროს ზ.შ.-მ  მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი  ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა,  საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს.

დანაშაულის ჩადენის დროს  ზ.შ.-მ  სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ, 11 თვის ბავშვის  გარდაცვალება გამოიწვია" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 9 მარტს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიების ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდგომ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მოხდება დამატებითი მსჯელობა ბავშვის გარდაცვალების ნაწილში ბრალდებულის ქმედების საბოლოო კვალიფიკაციის საკითხზე" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები