პოლიტიკური კრიზისი

საგარეო ნარიშკინზე: პროვოკაციული ნაბიჯია, მიზნად ისახავს დესტაბილიზაციის პროვოცირებას

სერგეი ნარიშკინი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია და მიზნად ისახავს დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.

მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული, ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას". – წერია მახარობლიშვილის განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

"ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ". – წერია განცხადებაში. 

9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი ავრცელებს რუსეთის ჩვეულ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვით, აშშ არა საქართველოს მეგობარია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

"საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახლის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს". – წერია განცხადებაში.

კომენტარები