რუსეთის ელჩის მკვლელობა

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე 5 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

პირი, რომელმაც რუსეთის ელჩს ესროლა. 2016
haaretz.com

თურქეთის სასამართლომ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში მთლიანობაში 28 ადამიანი ფიგურირებს.

იმ ბრალდებულებიდან, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, სამი დამნაშავედ ცნეს უშუალოდ მკვლელობის ორგანიზებაში, მათ შორისაა ადამიანი, რომელმაც გამოძიების ვერსიით ელჩის მკვლელობის ბრძანება გასცა. 9 პირს 5-იდან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კიდევ 5 ბრალდებული გაამართლეს.

საქმესთან დაკავშირებული კიდევ 9 ადამიანი ამ დრომდე ძებნაშია. მათ შორისაა აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს.

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში ანკარაში გამოფენაზე მოკლეს. მისი მკვლელი 22 წლის პოლიციელი მევლუთ ალტინტაში პოლიციამ ადგილზე მოკლა. დანაშაულის ჩადენამდე მან სირიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობის შესახებ რამდენიმე ფრაზა დაიყვირა.

თურქეთის მთავრობის ვერსიით, ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეებმა კარლოვის მკვლელობა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვისთვის დაგეგმეს. თავად გიულენმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ტერაქტი უწოდა და კატეგორიულად უარყო მომხდართან კავშირი.

კომენტარები