პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: რატომ ხდება, რომ რასაც ენმ ლაპარაკობს, იმას ლაპარაკობს რუსეთის დაზვერვა?

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას და ამბობს, რომ ის ენმ-ს რიტორიკას ემთხვევა. 

ქართული ოცნების მხარდამჭერ განცხადებაში ნარიშკინი წერს, რომ აშშ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩარევით მმართველი გუნდისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ოკუპანტი ქვეყნისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გარდა, არავინ ამბობს, რომ ქართული ოცნების პოზიცია დასავლურ სტანდარტებსა და აშშ-ს განწყობებს დაშორდა. 

"როდესაც ხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ამ მოლაპარაკებების განახლება, მათ შორის, არის ევროკავშირის მედიაციის შედეგი, რატომ ხდება რუსეთის დაზვერვის ისეთი განცხადების გამოქვეყნება, რომელსაც ასე "წარმატებით" იყენებს ოპოზიცია საქართველოში? და რატომ ხდება ისე, რომ ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა მაინცდამაინც ამ დროს ხდება? რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს ენმ-ს რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს რუსეთის საგარეო დაზვერვა?" – თქვა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო არხის, იმედის ეთერში. 

დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს "იმდენი ჭკუა არ ჰქონდეთ", რომ რომელიმე პარტიისადმი მხარდაჭერა ასე ღიად გამოხატონ. 

"როგორ გგონიათ, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური, თუ ვინმეს მხარს უჭერს, ასე გამოდის და განცხადებებს აკეთებს, რომ მერე მისი მხარდაჭერილი ძალის ოპოზიციამ გამოიყენოს ეს იმისათვის, რომ დარტყმები მიაყენოს თავის მხარდაჭერილ პარტიას?" – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი ავრცელებს რუსეთის ჩვეულ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვით, აშშ არა საქართველოს მეგობარია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

"საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები