გერმანიაში 2 პირი რუსეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს

გერმანიის ორი მოქალაქე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევისთვის ჰამბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გერმანელი გამომძიებლების თქმით, 2016-2018 წლებში ორმა ბრალდებულმა ჭურვების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა რუს მეწარმეს შვიდჯერ მიჰყიდა. ექსპორტისას საჭირო შემოწმებას მათ გვერდი გაყალბებული საბუთებით აუარეს. გამოძიების მიხედვით, რუსი მეწარმე შუამავლის როლს ასრულებდა და, საბოლოოდ, ტექნიკა რუსეთის თავდაცვის უწყებას მიაწოდა.

ჰამბურგის სასამართლომ 41 წლის მეწარმე ქალქ აუგსბურგიდან ევროკავშირის იარაღის ემბარგოს დარღვევაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას 8 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მეორე ბრალდებული, 40 წლის კაცი მიუნხენიდან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებაში და ორი წლით პრობაცია მიუსაჯა. ის 150 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და 184 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ევროკავშირმა რუსეთთან იარაღით ვაჭრობაზე ემბარგო ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის საპასუხოდ 2014 წელს დააწესა.

კომენტარები